ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ აღმოჩნდება, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაბამისი პირობები არ არის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უნდა იზრუნონ. მისივე თქმით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში სიტუაციას რევს.

"ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", — განაცხადა სერგეენკომ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ის მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.