დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვა უკანონოა. მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას სასამართლო ითხოვს , იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე დასწრება საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელი ნაწილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზში დასწრების უფლების უზრუნველყოფა მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნად ითვლება. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს", — განმარტავენ ორგანიზაცაიაში.

DRI-ის განმარტებით პენიტენციურის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მათი არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

"სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მუხლი 2022 წლის 1 იანვრამდე სასამართლო სხდომის გამართვის დროებით წესი არეგულირებს. აღნიშნული მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში გაჩნდა და როგორც დროებითი ღონისძიება, მიზნად ისახავს კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციას. სხდომების დისტანციური ჩატარება, სხდომებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასწრების გარეშე, თავისთავად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპებთან თანხვედრაში არ არის", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიხედვით:

  1. დისტანციურ რეჟიმში სხდომის გამართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია არა უსაფრთხოების ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ პანდემიით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად;
  2. გადაწყვეტილებას სხდომის დისტანციურად გამართვის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო;
  3. სასამართლო სხდომის დისტანციურად ჩატარებისთვის საჭიროა ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა.

DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.

მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრების შემდეგ, უკვე სამჯერ არ მიეცა სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა. სამივე შემთხვევაში სასამართლოში მიყვანაზე უარი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა. უწყებამ მიზეზად სააკაშვილის მხრიდან მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.