სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისი ინიციატივით შექმნილ ექიმთა კონსილიუმს მიეცა სრულყოფილი შესაძლებლობა შეესწავლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება და ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარება. ამის შესახებ მან ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შევედით, ექიმებს მიეცათ საშუალება, რომ გაესინჯათ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ, შეაფასეს იქ არსებული სამედიცინო მდგომარეობა და მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება", — განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მოამზადებენ წერილობით დასკვნას შეხვედრის შესახებ.

ლომჯარია და მისი ინიციატივით შემქნილი ექიმთა ჯგუფი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ციხის საავადმყოფოში. ექსპრეიდენტის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველმა ექიმთა კონსილიუმი 17 ნოემბერს წარადგინა. ჯგუფის მიზანია შეაფასოს რამდენად შეესაბამება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის მიერ შემქნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი არიან:

  • გიორგი გრიგოლია — ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე — შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა — კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი — კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა — ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე — ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე — ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი — ენდოკრინოლოგი