ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) აცხადებს, რომ ანონიმურმა წყარომ საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მიაწოდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტში აღრიცხულია ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საკონტაქტო ინფორმაციები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულები იყვნენ საარჩევნო კამპანიაში.

"მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურსცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია სახელწოდებით "ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში)". აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივარი წარადგინა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ფოტო: სამართლიანი არჩევნები

ქეთევან ჭიპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელია. გარდა ამისა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში იგი ყვარლის საკრებულოს ქართული ოცნების პროპორციული სიის მე-9 ნომერი იყო.

ISFED-ში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია ვინ შეადგინა აღნიშნული სია ან რა ფორმით იყვნენ ამ სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები ჩართული არჩევნებში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი შეიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების ნიშნებს.

"აღნიშნული, ასევე, წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", — აცხადებენ ISFED-ში.

ISFED-ს არაერთხელ უსაუბრია საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორების ჩართვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების შესახებ. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს მსგავსი ფაქტები. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.

სამართლიანი არჩევნები იურიდიულ დახმარებას სთავაზობს განათლების სისტემაში დასაქმებულ ყველა იმ ადამიანს, ვისაც საარჩევნო პროცესებში ჩართვა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოუხდა. სურვილის შემთხვევაში ორგანიზაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]