სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი დაზუსტებული არ არის, ამასთან, დაჭრილია, მინიმუმ, 4 სომეხი სამხედრო, ხოლო დატყვევებულია — 12.

"ასევე, ორი პოზიცია დავკარგეთ", — თქვა უწყებამ.

ამავდროულად, აზრბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ანზარ ეივაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხური ძალების თავდასხმის საპასუხოდ "უეცარი სამხედრო ოპერაციები დაიწყო". არსებული ინფორმაციით, დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ მათ აზერბაიჯანის პოზიციებს პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი.

მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, სად მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის, არმან ტატოიანის განცხადებით, მან მიიღო ცნობები, რომ სიუნიქის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე ნორავანის, იშხანასარისა და სისიანის მცხოვრებლებს სროლის ხმა ესმოდათ.

ფოტო: OC Media

ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთი "ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად" რუსეთისგან 1997 წლის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დახმარების მოთხოვნის ფორმალურ პროცესს აწარმოებს.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე 12 მაისიდან არიან", — განუცხადა გრიგორიანმა ჟურნალისტებს.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.