გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ნაცვლად პარლამენტში გირჩის "სამეფოს მეფე" ჰერმან საბო შევა. ინფორმაცია გირჩმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტმა ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი შეუწყვიტა.

"როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში ჰერმან მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. "შევდივარ, შევდივარ" — გვითხრა მან", — ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.

დღეს, პლენარულ სხდომაზე ზურაბ ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძე მანდატი შეუწყვიტეს. ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საპარლამენტო არჩევნების დროს გირჩის სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, შემდეგ მოდიოდნენ: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო. გირჩმა პარლამენტში 4 მანდატი მიიღო, შესაბამისად, საბო საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა. არჩევნების შემდეგ პარტია ორად გაიყო და ჯაფარიძემ გირჩი – მეტი თავისუფლება შექმნა, თუმცა დეპუტატის სტატუსი გირჩის სიით ჰქონდა მიღებული. რადგან მან საკანონმდებლო უწყება დატოვა, მისი ადგილი გირჩის სიაში მომდევნო პირმა, ჰერმან საბომ მიიღო.