კვანტურმა კომპიუტერებმა დიდი გზა გაიარეს და ისინი დროსთან ერთად სულ უფრო იხვეწება. მკვლევრები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მათ ახალ ქმნილებებს შეუძლიათ შეასრულონ რთული ამოცანები, რაზეც კლასიკურ კომპიუტერებს ათასობით წელი დასჭირდებათ. საუბარია კვანტურ უზენაესობაზე.

თუმცა, IBM ახლა მზადაა ეს პროგრესი კიდევ უფრო დააჩქაროს. Axios-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არვინდ კრიშნამ განაცხადა, რომ კომპანიის ახალ კვანტურ კომპიუტერს შეუძლია გადაჭრას რთული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ტრადიციული კომპიუტერი ვერასდროს შეძლებს.

"ასეთი გამოთვლების გამეორება სხვა კომპიუტერებს არ შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კვანტური კომპიუტერი უფრო ძლიერია ვიდრე სხვა ნებისმიერი", — უთხრა კრიშნამ Axios-ს.

ეს გაბედული განცხადებაა და IBM-ის დირექტორი ამით კვანტური კომპიუტერების მნიშვნელოვან გარღვევაზე საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ახალ კვანტურ კომპიუტერი 127 ქუბიტიანია, რაც გასაოცარი რიცხვია, მას არ შეუძლია "ზოგადი პრობლემის გადაჭრა" და ის კონკრეტულ გამოთვლებზეა კონცენტრირებული. თუმცა, იმისთვის რათა კლასიკურმა კომპიუტერმა კვანტური კომპიუტერის მიერ გაკეთებული გამოთვლა გაიმეოროს, ის დაახლოებით პლანეტის ზომის უნდა იყოს.

კრიშნას თქმით, მას არ მიაჩნია, რომ კვანტური კომპიუტერები კლასიკურ კომპიუტერებს ჩაანაცვლებენ. მას სჯერა, რომ კვანტური კომპიუტერები უბრალოდ გადაწყვეტენ ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ტრადიციული კომპიუტერები ვერასდროს შეძლებენ.

IBM ასევე მუშაობს თავის კვანტურ სისტემაზე, რომელიც 1000-ზე მეტი ქუბიტიანია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი სისტემა 2023 წლისთვის ფუნქციური იქნება.

გამოთვლითი გიგანტი იმედოვნებს, რომ ასეთ კომპიუტერებს მსხვილ ბიზნეს მოთამაშეებს მიჰყიდის, ისეთებს როგორებიცაა ბანკები ან ავტომწარმოებლები.

თუმცა, ზუსტად როდის გამოჩნდება კვანტური კომპიუტერები მასიურად ჯერ არ ვიცით. ამას დრო და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები გვიჩვენებენ, როგორიც IBM-ია.

ასევე: შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.