ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმები შემაძრწუნებელი სამედიცინო შემთხვევის შესახებ იტყობინებიან — მათ პაციენტის თავის ტვინში არც მეტი, არც ნაკლები, ღორის სოლიტერი აღმოაჩინეს, რომელიც ბრტყელი ჭიების ტიპს მიეკუთვნება. გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, პარაზიტმა მის ორგანიზმში მრავალი წლის წინ, დაბინძურებული საჭმლიდან შეაღწია.

38 წლის კაცმა მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოს მას შემდეგ მიაკითხა, რაც მოულოდნელად ეპილეფსიური შეტევა დაეწყო, რომელიც დაახლოებით 2 წუთს გაგრძელდა. მედიკოსებმა მას ყველანაირი საჭირო გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაკვლიეს. სიტუაციას ნათელი მხოლოდ კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მოჰფინა, რომელმაც პაციენტის ტვინის 3 სხვადასხვა არეალში არსებული კალცინოზური დაზიანებები გამოავლინა.

სპეციალისტებმა მას ნეიროცისტიცერკოზის დიაგნოზი დაუსვეს. ეს გახლავთ პარაზიტული ინფექცია, რომელსაც ღორის სოლიტერის ლარვული ცისტები იწვევენ. როგორც ჩანს, აღნიშნული ჭიები კაცის სხეულში მაშინ მოხვდნენ, როცა ის მშობლიური გვატემალის იმ რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ისინი ენდემურად მიიჩნევიან.

ფოტო: arstechnica

ღორის სოლიტერი ჩვენს ორგანიზმში, უმეტესწილად, თერმულად სათანადოდ დაუმუშავებელი ხორციდან გადმოდის. შესაძლოა, ის ნაწლავებში გაიზარდოს და იქ კვერცხებიც დადოს. იმ შემთხვევაში კი, როცა პირდაპირ ამ უკანასკნელთან გვაქვს შეხება, ლარვული ცისტები კუნთებში, თვალებში ან ტვინში წლობით იბუდებენ და კვანძებს წარმოქმნიან, რომლებიც შემდეგ კალცინოზურ გრანულომად იქცევიან.

სწორედ ეს დაემართა ზემოხსენებულ პაციენტსაც, რომელსაც ექიმებმა წარმატებით უმკურნალეს და გამოაჯანმრთელეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.