პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ დროას დამფუძნებელთან, ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მასთან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ საკითხებს არ შეხებიან, რადგან მისთვის "დამატებითი საფიქრალი" არ მიეცათ.

ის ამბობს, რომ ხოშტარია ნამდვილად შიმშილობს, ამდენად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, იმედი აქვს, ეს პროცესი მალე დასრულდება, რადგან უმთავრესი ქვეყნის სტაბილურობაა.

"ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. ნუ, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ვითარებაში, ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით, ასევე როგორც ექიმის, ყველაზე საყურადღებო, ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება", — ამბობს ის.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრს, რომ ხოშტარია ამით საზოგადოებისა და სახელმწიფოს შანტაჟს ცდილობს, ხუნდაძემ უპასუხა, რომ ამას შანტაჟი არ შეიძლება ეწოდოს, თუმცა, ეს გარკვეულწილად ვითარებას ძაბავს. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ხოშტარიას პოზიციას პატივი უნდა სცენ.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება კიდევ მოვინახულოთ, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და საბოლოოდ იქნება დამდგარი შედეგი, რომ ეს პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით ნორმალურ რეჟიმში", — განაცხადა ხუნდაძემ.

დღეს, 16 ნოემბერს, შიმშილობის მე-14 დღეს ელენე ხოშტარიას სანახავად ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე მივიდნენ. ხოშტარიას მოსანახულებლად მანამდე იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები დეპუტატი სოზარ სუბარი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

ელენე ხოშტარია მე-14 დღეა შიმშილობს და ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ხოშტარია მკურნალობის მხოლოდ იმ ფორმებს თანხმდება, რაც კრიტიკული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.