გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ექსპრეზიდენტის შიმშილობის საკითხს ნათელი მოჰფინოს, რადგან მათივე განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ხვიჩიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტიის წევრების ნაწილი სააკაშვილის "ფეიკ შიმშილობაზე" საუბრობს, მეორე ნაწილი კი მას შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ამიტომ ის ითხოვს, მოსახლეობას სააკაშვილის შიმშილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეალური ინფორმაცია გააგებინონ.

მისი თქმით, რადგან პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატისა და ელენე ხოშტარიას შიმშილობა სააკაშვილის შიმშილობაზე დგას, სრული ინფორმაციააა საჭირო.

"პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ აგერ ხალხი, ელენე, დანარჩენი ჩვენი კოლეგებიც ნამდვილად შიმშილობენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს, ვინმე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გადაიყოლოს ამან? თუ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს გააგებინებთ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილ მდგომარეობას, რომ ხალხმა ტყუილად არ ინერვიულოს, თუ ეს ადამიანი არ შიმშილობს და თუ შიმშილობს, მაშინ თქვენც უნდა ნერვიულობდეთ, დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად.

იმიტომ, რომ არამგონია, რომ თქვენ ციხეში სააკაშვილის გარდაცვალება გინდოდეთ. აი, ამას მინდა მოვფინოთ ნათელი. ბოლოს და ბოლოს მიხეილ სააკაშვილის რაციონი თქვენს განკარგულებაშია, ვერაფერს ის ვერ გამოგაპარებთ და გააცანით საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუ შიმშილობს — შიმშილობს ეს კაცი, თუ არ შიმშილობს — არ შიმშილობს", — განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — ამის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-14 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ენმ-ის 9 დეპუტატმა და პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ. 15 ნოემბერს კი, რუსთავის საკრებულოს 6-მა და ზუგდიდის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის 5-მა წევრმა.