ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე სრული პასუხიმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული მდგომარეობისა, ექსპრეზიდენტი საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება.

"სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი მითხრეს, თუმცა შვებას ვგრძნობ, რომ მისგან წერილი მივიღე. მისი კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ის საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგული რჩება. კიდევ არის შანსი ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. საქართველოს მთავრობა სრულად პასუხისმგებელია მისი სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", — განაცხადა მან.

12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს ხელისუფლება და განაცხადეს, რომ მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას. ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპელი პარტნიორების ნაწილი გააკრიტიკა და მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტები უწოდა.

ფოტიგას მიერ "პოლიტპატიმრების" ხსენების გამო, მან განაცხადა, რომ პარტნიორებმა ან უნდა აღიარონ, რომ საქართველო სახელმწიფოა, სადაც კანონი კანონობს, ან "მოუწევთ", რომ მათ უწოდონ "კრიმინალების მფარველები". კობახიძემ თქვა ისიც, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლებენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს".

მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.