ახალი კვლევის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები ფეხმძიმე ქალები მკვლელობის შედეგად უფრო ხშირად იხოცებიან, ვიდრე დედობასთან დაკავშირებული დაავადებებით. მათ ყველაზე ხშირად პარტნიორები ხოცავენ.

ახალი კვლევა საკითხის შესწავლის პირველი მცდელობა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა პარტნიორებს შორის ძალადობის გამომწვევი ძირეული მიზეზების დასადგენად მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მეცნიერებმა სიკვდილის მიზეზების დასადგენად დაღუპვის მოწმობები გამოიყენეს.

"20 წელზე მეტია, რაც მკვლევრები ფეხმძიმობასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევებსა და ქალთა მკვლელობებზე საუბრობენ", — ჟურნალ Nature-სთან საუბრისას განაცხადა ფილის შარპსმა ჯონ ჰოპკინსის საექთნო სკოლიდან.

ტულანის უნივერსიტეტის კვლევა ჟურნალ Obstetrics & Gynecology-ში გამოქვეყნდა და ადასტურებს იმას, რაც სოციალურმა მუშაკებმა უკვე ათწლეულებია, იციან: როგორც ჩანს, პარტნიორის მხრიდან ძალადობის რისკი სწორედ ფეხმძიმობისას იზრდება.

"ფეხმძიმობა მკვლელობის შედეგად სიკვდილის რისკს ზრდის: 10-44 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მყოფ ქალებს, რომლებიც ორსულად არიან ან ახლო წარსულში იმშობიარეს, 16 პროცენტით უფრო ხშირად ხოცავენ, ვიდრე ქალებს, რომლებიც ორსულად არ არიან", — აღნიშნულია Nature-ში.

ორსულობასა და მკვლელობას შორის არსებული კორელაცია არაერთი წინა კვლევისას გამოკვეთილა, თუმცა ახლანდელ შემაჯამებელ ანალიზში აღნიშნულია, რომ მკვლევრებს ინსტიტუციურმა დაბრკოლებებმა შეუშალა ხელი, რომ მკვლელობა გადაჭრით გამოეცხადებინათ ფეხმძიმე ქალთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად.

2003 წლამდე შეერთებულ შტატებში არ ითხოვდნენ, რომ დაღუპვის მოწმობებში ორსულობის ან ახლო წარსულში არსებული ორსულობის შესახებ შეეტანათ ინფორმაცია, ამიტომაც ამ დროს ფეხმძიმეთა სიკვდილიანობის აღრიცხვა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. მას შემდეგაც კი, რაც სახელმწიფომ ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოთხოვნა დაიწყო, ამის ყველა შტატში დანერგვას 15 წელიწადი დასჭირდა. სტატიაში მოყვანილი ანალიზი პირველია მას შემდეგ, რაც დაღუპვის მოწმობაში ორსულობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანას 50-ვე შტატი ითხოვს.

2018 წელს დაწყებულ კვლევაზე დაყრდნობით, შავკანიან ქალებს კიდევ უფრო მაღალი რისკი აქვთ, ორსულობისას მოკლან, ვიდრე მაშინ, როცა ფეხმძიმედ არ არიან. ამასთანავე, ისინი "მშობიარობასთან დაკავშირებული მიზეზებით" 2.5-ჯერ უფრო ხშირად იხოცებიან, ვიდრე თეთრკანიანი ქალები.

ამგვარ მკვლელობებში რასასთან ერთად, როგორც ჩანს, როლი ასაკსაც მიუძღვის — 10-24 წლის გოგოებს უფრო ხშირად ხოცავენ, ვიდრე შედარებით უფროსი ასაკის ფეხმძიმეებს.

როგორც მეივ უოლესმა განაცხადა ტულანიდან, "ეს ასაკისა და რასის ამბავია".

შემზარავი მონაცემები უდიდეს კითხვას გვიტოვებს, თუ რატომ შეიმჩნევა ესოდენ მკაფიო კორელაცია ფეხმძიმობასა და მკვლელობით სიკვდილს შორის. შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიციისაგან წამოსულმა რასიზმმა ახსნას ის, რომ ფერადკანიანი ქალები ოჯახური ძალადობის დროს დახმარებას ნაკლებად ითხოვენ, თუმცა ამის ძირეული მიზეზები მეცნიერებისათვის მაინც დიდი გაუგებრობის წყაროა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.