მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას სააკაშვილთან არშეშვება უაღრესად სამარცხვინოა და არის სკანდალი ორ ქვეყანას შორის. მისი თქმით, ამას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

"ეს არის ფაქტი, რომლის გამოც ფასს გადაიხდის არამხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამხოლოდ იუსტიციის მინისტრი, არამედ მთელი ქვეყანა, რადგან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი, როცა ასეთი მაღალი რანგის უფლებადამცველს და სახელმწიფოს წარმომადგენელს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად. წარმოდგენაც არ შემიძლია, რა შეიძლება ახლა იფიქროს ომბუდსმენმა სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე", — განაცხადა თუთბერიძემ

ადვოკატის თქმით უკრაინის ომბუდსმენის სააკაშვილთან არშეშვების რეალური მიზეზი ისაა, რომ მან წინა ვიზიტისას სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე მკაცრი განცხადება გააკეთა.

"იუსტიციის მინისტრის პირველადი განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი უფრთხილდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამიტომ არ დაუშვეს მასთან სახალხო დამცველი, თუმცა ამის შემდეგ წინადადებაში მას წამოსცდა რეალური მიზეზი: ეს გახლავთ ის, რომ ქალბატონმა დენისოვამ წინა ვიზიტისას, როცა გამოვიდა და დატოვა მიხეილ სააკაშვილი, გააკეთა მკაცრი და რეალისტური განცხადება სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის საქმეში", — ამბობს თითბერიძე.

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში არ შეუშვეს. ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ გლდანის #18 დაწესებულება სამკურნალოა და თავს იკავებენ იქ შეუშვან ის ადამიანები, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ამის უფლება არ აქვს.