დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პლენარული სესიის დროს ქართული ოცნების დეპუტატებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის მიმართვა მოასმენინა. სამნიძის თქმით, ბევრ დეპუტატს ეს მიმართვა, ალბათ, არ აქვს მოსმენილი, რადგან არ აინტერესებთ. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, დაძაბულობის გამწვავებას ემსახურება.

"როგორც აქ მოისმინეთ ახალგაზრდა ადამიანისგან, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც არის მესამე ვადით, ამას ხაზს ვუსვამ, რომ განიმუხტოს კრიზისი. დღევანდელი განცხადებები და ნაბიჯები ამას არ ემსახურება და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კეთდება, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა. იგი ხელისუფლებას მამის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს. ედუარდ სააკაშვილი ამბობს, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები მის მეხსიერებაში, ალბათ, სამუდამოდ დარჩება. ექსპრეზიდენტის შვილის თქმით, ის ნანახით გაოგნებული დარჩა.