პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ექსპრეზიდენტის კადრებს უღირსობას უწოდებს და ამბობს, რომ ამით მმართველმა პარტიამ ის დიდი "ადამიანური უპირატესობა" დაკარგა, რაც ჰქონდა.

ელისაშვილმა მანამდე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის "არაჟნის ყუთებით" საქართველოში შემოპარვა მისთვის შეურაცხმყოფელი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, კადრების გავრცელება უღირსობაა და ამით როგორც სახელმწიფო, ასევე, მმართველი პარტია დაზიანდა.

"ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო შეურაცხყოფა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი რაღაცა არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა. კამო არ სჩადიოდა ასეთ რაღაცებს, კამო პეტროსიანი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ამის გათვალისწინებით, ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა და ის ადამიანური დიდი უპირატესობა, რაც გქონდათ, თქვენ დაკარგეთ, სამწუხაროდ. არ ვიცი ამას გრძნობთ, ვერ გრძნობთ. პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს, ადამიანური და პრაგმატული, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი, უღირსობა ვნახეთ, მეტი არაფერი", — განაცხადა მან.