მიუხედავად იმისა, რომ ადელის ახალი ალბომის შექმნის ერთ-ერთი შთაგონების წყარო მისი განქორწინება გახდა, მომღერალი გულით მაინც რომანტიკოსია! სპეციალური ეპიზოდის ფორმატით ჩატარებული ლაივ კონცერტის, სახელად Adele: One Night Only-ის დროს ადელი ფანს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა.

ფოტო: CBS

"თქვენი სიჩუმე მჭირდება, კარგი? თუ იხმაურებთ, მოგკლავთ!" — ხუმრობით სიჩუმისკენ მოუწოდა მსმენელებს ადელმა.

მალე სცენაზე ადელის ფანი, კვენტინი გამოჩნდა, რომელსაც თან თვალებახვეული შეყვარებული ეშლი მოჰყავდა, რომელსაც ყურსასმენებიც ეკეთა.

კვენტინმა ეშლის ყურსასმენები და სახვევი მოხსნა, შემდეგ კი ცოლობა სთხოვა. შეყვარებულის ჟესტითა და უამრავი მსმენელის დანახვით გაოცებულ ეშლის წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: ეშლის თანხმობის შემდეგ, მოულოდნელად ჩაბნელებული სცენიდან მშვენიერი ადელი გამოვიდა. ადელმა ეშლის პირველ რიგში სხვა ვარსკვლავებთან ერთად დაჯდომა სთხოვა.

ადელმა ბობ დილანის Make You Feel My Love-ის საკუთარი ვერსია შეასრულა. სიმღრის დაწყებამდე კი ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ეშლი შეყვარებულს ცოლობაზე დათანხმდა — სხვაგვარად ადელს წარმოდგენა არ ჰქონდა, სიმღერა ვისთვის უნდა შეესრულებინა.

კვენტინსა და ეშლის ეს სანახაობა ნამდვილად არასდროს დაავიწყდებათ, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ადელი შეუდარებელ მუსიკოსთან ერთად, საოცრად ყურადღებიანი და გულისხმიერი ადამიანია.

აღსანიშნავია, რომ ადელმა ახლახან ოპრა უინფრის ინტერვიუ მისცა, რომელშიც განქორწინება, მამასთან ურთიერთობა და წონასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციაც განიხილა.

"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს სხეულს ნივთად აღიქვამენ. ან ზედმეტად მსუქანი ვარ, ან ზედმეტად გამხდარი. ან მიმზიდველი ვარ, ან — არა... ვალდებული არ ვარ, სხვა ადამიანებს განვუსაზღვრო, რა იგრძნონ საკუთარი სხეულების მიმართ. ვწუხვარ, რომ ამან სხვებს თავი ცუდად აგრძნობინა, მაგრამ ეს ჩემი ვალდებულება არაა. მე ვცდილობ, საკუთარ ცხოვრებას მივხედო. კიდევ ერთ სანერვიულოს ვერ დავიმატებ", — განაცხადა ადელმა.

ამავე თემაზე: