სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს პრევენციის მიზნით, დღეს, 15 ნოემბერს მას PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა", — ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.