საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის წარმომადგენლის დაკავებაზე აცხადებს, რომ თამარ კურატიშვილის დაკავება უკანონო იყო. როგორც On.ge-სთან ის ამბობს, პოლიციელებმა კანონი დაარღვიეს და სამართალდამცავები სისხლის სამართლის წესით უნდა გასამართლდნენ.

"მაგ საფუძვლით დაკავება არის უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან, რაც არის დანაშაული. დღეს შეკრების, მანიფესტაციის უფლებას საქართველოში არ სჭირდება წიანსწარი ნებართვა. შეიძლება დიდი რაოდენობიდან გამომდინარე გააფრთხილო მერია, მაგრამ პასუხი რომც არ მოგივიდეს მათგან, ეს არ ნიშნავს, რომ შენ უფლება არ მოგეცეს. ეს არის უბრალოდ ფორმალობა, თუკი დიდი აქცია იმართება, გზების მოძრაობა გადაამისამართოს პოლიციამ მერე. იყო ადრე ნებართვა საჭირო და საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო", — ამბობს მარიკაშვილი On.ge-სთან.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეში არც გადაღება იკრძალება.

სირცხვილიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, თამარ კურატიშვილის დაკავებაა ასახული. კადრებში ისმის პოლიციელის მოთხოვნა ვიდეოს გადაღების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სამართლადამცველი აქტივისტს, ასევე, ეუბნება, რომ აქციის გამართვისთვის მას ნებართვა სჭირდება.

"გამორთე, ჟურნალისტი ხომ არა ხარ? კაი, დააკავე", — ამბობს შსს-ს წარმომადგენელი და კურატიშვილს მანქანაში სვამს.