დეპუტატი იაგო ხვიჩია ქართულ ოცნებას მოუწოდებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის სანდო კლინიკაში გადაიყვანონ, ოღონდ საზღვარგარეთ. ეს განცხადება ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"მე მოგიწოდებთ, რომ ვიფიქროთ იმაზე, რომ სააკაშვილი გადავიყვანოთ სამკურნალოდ იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის იქნება სანდო, ოღონდ საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ტემპერატურა დავწიოთ, რათა მშვიდი ცხოვრება გავაგრძელოთ", — განაცხადა ხვიჩიამ.

კომიტეტზე, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვამდე ხვიჩიამ სიტყვა მოითხოვა და იკითხა, რატომ არ დაუშვეს სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომაზე. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ამით სააკაშვილის უფლება ირღვევა, ხალხს ერთმევა შესაძლებლობა მისგან მოისმინოს პასუხები.

"გარდა იმისა, რომ ეს არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევა, ასევე, მგონია, რომ ეს არ შეესაბამება არც სახელმწიფოს იმ პრინციპს, რომ შენ შეგიძლია მშვიდად ჩაატარო სასამართლო სხდომა და ყველა მის მონაწილეს სიმშვიდის გარანტია ჰქონდეს. ასევე, ფაქტობრივად, დაირღვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში საკუთარი თავის მოსამართლის წინაშე დაცვის უფლება. მე, უბრალოდ, მაინტერესებს ეს რატომ ხდება.

მე მაქვს ეჭვი, რომ თქვენ, ქართული ოცნება, რაღაცნაირად რეცხავს მიხეილ სააკაშვილს, აცოდებს მას თავს საქართველოს მოსახლეობას. პირიქით, მე მოგიწოდებთ, რომ გამოკეტვა კი არ არის მიხეილ სააკაშვილის გამოსავალი, არამედ, როგორც მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება სასამართლოზე სიტყვა თქვას, ასევე აქვს ქართველ ხალხს უფლება შეკითხვა დაუსვას მიხეილ სააკაშვილს და მისი აზრი მოისმინოს ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ მიხეილ სააკაშვილის გადამალვით და სასამართლოში მისი არ მოყვანით, სინამდვილეში, ქართველ ხალხს ამ კითხვის დასმის უფლებასაც ართმევთ", — განაცხადა ხვიჩიამ.

ის გამოეხმაურა დეპუტატების შიმშილობასაც და განაცხადა, რომ ეს საკითხი არ ღირს არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ფასად.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პენიტენციურმა სამსახურმა ის სხდომაზე ისევ არ მიიყვანა. მიზეზად, უწყებამ კვლავ "დესტრუქციული ქმედებები და ჯანმრთელობის რისკები" დაასახელა. პენიტენციურში აცხადებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ან სხდომის გამართვა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

გაიგე მეტი: