ეგვიპტის სამხრეთ პროვინციაში, კონკრეტულად კი ქალაქ ასუანში, ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ მორიელების თავდასხმები გააქტიურა, რამაც სამი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 500-მდე ადგილობრივი მორიელების ნაკბენის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქარიშხლის გამო მორიელები თავიანთი სამალავი ადგილებიდან გამოვიდნენ და თავშესაფრისთვის ადგილობრივთა სახლებში შევიდნენ. შედეგად კი, მორიელების კბენის ფაქტები გახშირდა.

საბედნიეროდ, საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან არცერთი გარდაცვლილა. მათ მორიელის შხამის საწინააღმდეგო საშუალება მიაღებინეს და ყველა სახლში გაწერეს. ექიმებმა უდაბნოსა და მთების მახლობლად მდებარე სოფლების სამედიცინო ცენტრები შხამის საწინააღმდეგო ნივთიერებით მოამარაგეს.

მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ისეთი ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა, სადაც ბევრი ხეა. ეგვიპტეში მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სქელი კუდის მქონე მორიელები ბინადრობენ და მათ შხამს ადამიანის მოკვლა დაახლოებით ერთ საათში შეუძლია.

მორიელების შხამი სუნთქვის გაძნელებას, კრუნჩხვასა და თავის უჩვეულო მოძრაობებს იწვევს. შხამის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება, როგორც სიმპტომების გაჩენამდე, ასევე მათი გაუარესების დროსაც მოქმედებს.