Netflix-ის ახალი საშობაო რომანტიკული კომედიის Single All the Way-ის ტრეილერი გამოვიდა, რომლის მთავარი პერსონაჟებიც გეი წყვილია.

ნეტფლიქსს აქამდეც გადაუღია სადღესასწაულო ფილმები, მაგრამ ამ სტრიმინგ სერვისისთვის ეს პირველი საშობაო კინოსურათია, რომლის მთავარი ისტორიაც გეი პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება.

ფილმის ხილვა 2 დეკემბრიდან შეგვეძლება და ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, წინ კლასიკური რომანტიკული კომედიის სიუჟეტი გველოდება: პიტერს (მაიკლ ური) არ სურს, რომ ოჯახმა ისევ მარტოხელობის გამო გაკიცხოს, ამიტომ საუკეთესო მეგობარ ნიკს (ფილ ჩემბერსი) სთხოვს, რომ ოჯახთან შეყვარებულის როლი ითამაშოს. თუმცა სანამ ამას ოჯახს ეტყვის, პიტერის დედა მას ბრმა პაემნის შესახებ უყვება. პიტერი დედას პაემანზე წასვლას თანხმდება და ასე იწყება მოულოდნელი თავგადასავალიც...

ფოტო: Netflix

როგორც ჩანს, მაყურებლებს წინ რომანტიკული, საინტერესო და მხიარული ფილმი ელოდება. სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ერთ-ერთი პერსონაჟის, დეიდა სენდის, გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც ჯენიფერ კულიჯი თამაშობს.

White Lotus-ის ვარსკვლავი, რომელიც კომედიური პერსონაჟების განსახიერებითაა ცნობილი, როგორ ჩანს, ამ როლსაც შესანიშნავად ართმევს თავს. ამ მსახიობის ხილვა მაყურებლებისთვის ამაღელვებელი იმიტომაც არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ის LGBTQ+ თემის ცნობილი დამცველია.

სადღესასწაულო რომანტიკულ კომედიებში გეი წყვილების ისტორიები თანდათან სულ უფრო ხშირდება. მაგალითად, გასულ წელს გამოვიდა კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით ფილმი Happiest Season და ასევე, შემდეგ წელს გეი რომანტიკულ კომედიას კინოსტუდია Warner Bros-ისგან უნდა ველოდოთ.