შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ დაანონსებულ თბილისის ორივე სანაპიროზე გზების გადაკეტვაზე აცხადებს, რომ კანონის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაუშვებელია და ამ წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. უწყების განცხადებით, აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანი თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა. შსს-ს თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. შსს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყება დასძენს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე, ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა.

"აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის ორივე სანაპიროზე გზას გადაკეტავენ. მან აქცია 14:00 საათზე დააანონსა. აქციის მონაწილეები მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან, რის შემდეგ მოეწყობა მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

მელიას თქმით, ესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება.