საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი ექიმები ითხოვენ. ამის შესახებ მან Facebook-პოსტში ისაუბრა.

განცხადებაში ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში, განსაკუთრებით კი რუსულ ტელეარხებზე "ატეხილი ხორხოცი", თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა და დამაზიანებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. კვირიკაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ პატიმრის სარკასტული ქილიკი, როგორც არ უნდა იქცეოდეს ის, არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან.

"პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან.

ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია", — წერს კვირიკაშვილი.

ამასთან, განცხადების პირველ ნაწილში კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის "უმძიმესი მემკვიდრეობა", რომელიც მან დატოვა, არა მხოლოდ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის "მორალურ უფლებასაც" კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს.

"პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე.

საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი "ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის" აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ხოლო ყოველგვარი საუბარი სააკაშვილის უდანაშაულობაზე "რეალურ საფუძველს" მოკლებულია.

"სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან", — აცხადებს ის.

ექსპრეზიდენტი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. სააკაშვილი იქ მკურნალობაზე უარს ამბობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.