ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.

"მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი მოქალაქე, ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და პირობას ვდებ, კლინიკასთან სადაც გადაყვანილი იქნება პრეზიდენტი, საპროტესტო აქციაში არ მივიღებ მონაწილეობას მისი მკურნალობის განმავლობაში", — ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

ექსპრეზიდენტი უკვე 45-ე დღეა შიმშილობს. როგორც გუშინ, ღამით მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და დღეს პირველი დღეა, როცა ფეხზე ვერ ადგა.

ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. სააკაშვილი იქ მკურნალობაზე უარს ამბობს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.