მწერლისა და წამყვანის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მწერალთა სახლთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ, მისი დაპატიმრება გააპროტესტეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

მათი განცხადებით, ტორესა მოსი აბსოლუტურად მშვიდობიანად და არააგრესიულად ცდილობდა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას და უსამართლოდ დააკავეს. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ მხარეებს, მოუხმონ გონს და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად არ დაყოფს.

"მომსწრე ვართ იმ სიტუაციის, როდესაც მწერალი მისი გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება, ჩააყუდონ ციხეში, ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე", — განაცხადა პოეტმა, პაატა შამუგიამ.

მწერალ ლაშა ბუღაძის შეფასებით, ეს დაკავებები "რეჟიმის უგუნური, ყოვლად ამაზრზენი ქცევაა", ვინაიდან მოქალაქეებს აბსოლუტური უფლება აქვთ მშვიდობიანი პროტესტის.

"ტორესას და სხვებს, მხოლოდ ეს ამოძრავებთ, აბსოლუტური რწმენა და იდეალიზმი იმისა, რომ იცხოვრონ უკეთეს საქართველოში და ამის გამო არიან დაკავებულები. დამნაშავე არის რეჟიმი და არა ის ადამიანები", — განუცხადა მან On.ge-ს.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა განმარტავს, რომ თუ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს, მაშინ ტორესა მოსის პატიმრობა უკანონოა. მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე კრიზისია და დგას ჩვენი მომავალი საკითხი.

"ამ ქვეყანაში ჯერჯერობით იმედი მაქვს, რომ არსებობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ ის, რომ დღეს ტორესა ციხეში იმყოფება, ეს არის აბსოლუტური კანონდარღვევით. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ დღევანდელ პროცესზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", — განაცხადა მან On.ge-სთან.

ლაშა ბაქრაძემ კი აღნიშნა, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და საჭიროა ყველა დაკავებულის გათავისუფლება და პოლარიზაციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა. მისივე თქმით, არ შეიძლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის დაკავება, მაშინ, როცა 5 ივლისის მოძალადეები თავისუფლები არიან.

"სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედაც პოლარიზებული საზოგადოება, კიდევ უფრო აგრესიულად იყოს ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობილი. ამისი მაგალითი არის ტორესა მოსის დაჭერა თელავში მართლაც მშვიდობიანი პროტესტის გამო იმ დროს, როდესაც ადამიანები, რომლებიც სხვას სხვისი სიკვდილისა და მკვლელობებისკენ მოუწოდებენ, სრულიად მშვიდად დადიან ქალაქში. მე ვგულისხმობ ამ ფაშისტებს, რომლებიც 5 ივლისს გამოვიდნენ და არავინ დღემდე პასუხისგებაში არ არის მიცემული", — განაცხადა მან.

ტორესა მოსი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა 6 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციები გამართეს და მანქანებით შესასვლელი ჩახერგეს. ისინი ითხოვდნენ სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე და პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

შესასვლელის გასათავისუფლებად სამართალდამცავებმა ევაკუატორით შიგნით მყოფი პოლიტიკოსებიანად მანქანები ადგილიდან გაიყვანეს. აქციებზე 10 პირი დააკავეს. ტორესა მოსის სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.