ექსპრეზიდენტის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და დღეს პირველი დღეა, როცა ის ფეხზე ვერ ადგა. მისივე თქმით, ტკივილები სააკაშვილს არ აქვს და კალიუმის მაჩვენებელი დაბალია.

"დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა საწოლიდან. აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს საწოლში. საკანში ვესტუმრე იმიტომ, რომ არ შეეძლო პრეზიდენტს ჩამოსვლა ქვემოთ. ანალიზები ავიღეთ, რაღაც პასუხები მივიღეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ვერ ადგა საწოლიდან. მწოლიარე რეჟიმი კი არ არის, ვერ დგება. მძიმე სისუსტე აქვს.", — განაცხადა მან.

ყიფშიძე განმარტავს, რომ საკაშვილი შიმშილობას აგრძელებს. მისივე თქმით, ახლა სააკაშვილთან დაწესებულების მთავარი ექიმი დარჩა. ექსპრეზიდენტი უკვე 44-ე დღეა შიმშილობს.