"ეს ევროპაში ხდება?" — ასე ეხმაურება ლიეტუველი პარლამენტარი ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელი პოლიტიკოსების ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად არშეშვებას. ის წერს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი დეპუტატები, რაიმუნდას ლოპატა და ვილია თარგამაძე საქართველოში სპეციალურად ამისთვის იყვნენ ჩამოსული.

ამავდროულად, ფეისბუქგვერდზე ის აქვენებს იუსტიციის სამინისტროს პასუხს, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსებს სააკაშვილის სანახავად შესვლაზე უარი უთხრეს. უწყება მიზეზად სააკაშვილის მდგომარეობას ასახელებს და აცხადებენ, რომ ვალდებულები არიან დაიცვან მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომ ვიზიტები მხოლოდ პატიმრობის კოდექსით დაშვებულ მნახველებს შეუძლიათ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად.

მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.