ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ტვიტერზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

"მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მოსანახულებლად შესვლაზე უარი მითხრეს. დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების შანსი. ხელისუფლება სრულად პასუხისგებელია ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", — წერს ის ტვიტერზე.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. მას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოენახულებინა.

"გთხოვთ გამიგოთ, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანი მისია მაქვს და შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", — თქვა ფოტიგამ ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი და მისი ადვოკატების ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.

პენიტენციური სამსახური ამ ვიდეოს გამოქვეყნებასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".

ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.