პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან დაცვამ განაცხადა, რომ ჩხენკელი იქ არ იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ზღვრის გადაულახაობისა და რამდენიმე კრედიტის დანაკლისის გამო იანვარში სკოლის დატოვება მოუწევთ. როგორც პედაგოგთა აქციის ორგანიზატორი და საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე აცხადებს, აქცია მასწავლებლებმა რამდენჯერმე გამართეს და ერთ-ერთ განათლების მინისტრის მოადგილემ პოლიციის დანაყოფები გამოიძახა.

"მეხუთედ თუ მეექვსედ იმართება აქცია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით, იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც ფაქტობრივად, დევნის მსხვერპლნი გახდნენ პრემიერის დადგენილებით და ამ დადგენილების საფუძველზე, მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ აიმაღლეს სტატუსი, ასევე, მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს ზღვარი და ასევე მაძიებელი მასწავლებლები, ისინი უკვე გაყარეს პრინციპში, დარჩენილი მასწავლებელები იანვრიდან არამხოლოდ სკოლის მიღმა, არამედ სტატუსის მიღმა რჩებიან. რაც არის მიუღებელი და ნონსენსი", — ამბობს ის.

ფოტო: თათია შურღაია / On.ge

შეკრებილები ითხოვენ, რომ მათ კომპეტენციის ზღვრის ამაღლების საშუალება დამატებითი ტრენინგების საფუძველზე მიეცეთ. მათივე თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პრემიერმინისტრს განათლების მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართავენ.