როგორც დაბალ, ასევე მაღალ ინტენსივობის ვარჯიშს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს შფოთვა, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც ჟურნალ Affective Disorders-ში გამოქვეყნდა.

კვლევამ შეისწავლა შფოთვის სინდრომის მქონე 286 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ რეგულარულ ვარჯიშებში 12 კვირის განმავლობაში. შედეგად, კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიშმა მოხალისეებში შფოთვის ნიშნები შეამცირა. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო სისტემური იყო ვარჯიში, ეს შედეგზეც ისახებოდა.

მკვლევრებმა მონაწილეები ჯგუფებად დაყვეს იმის მიხედვით თუ ვინ რა ინტენსივობით ივარჯიშებდა. ჯგუფების წევრები კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ და მათ სპეციალური ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ.

თითოეული ვარჯიში, როგორც დაბალი, ისე მაღალი ინტენსივობის, გრძელდებოდა ერთი საათის განმავლობაში. 12-კვირიანი კვლევის პერიოდის ბოლოს, დაბალი ინტენსივობის ჯგუფის წევრები საშუალოდ 3,62-ჯერ უფრო ნაკლებად განიცდიდნენ შფოთვას. მაშინ როცა, მაღალი ინტენსივობის ჯგუფში მყოფთათვის გაუმჯობესება იგივე მაჩვენებლით 4,88 იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები არ იყო დეპრესიის შემცირების პროპორციული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვარჯიში შეიძლება დაგვეხმაროს შფოთვის შემსუბუქებაში, მისი ანტიდეპრესანტული ეფექტისგან დამოუკიდებლად.

ამ დასკვნების კომენტირებისას, კვლევის ავტორმა მალინ ჰენრიკსონმა განმარტა განცხადებაში, რომ "იყო გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ტენდენცია — შესაბამისად, რაც უფრო ინტენსიურად ვარჯიშობდნენ, მით უფრო უმჯობესდებოდა მათი შფოთვის სიმპტომები."

ზუსტად ის, თუ როგორ მოაქვს ვარჯიშს ეს სარგებელი, ბოლომდე არ არის გასაგები, თუმცა მკვლევრები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს, რომლებიც ნამდვილად საინტერესოა.

ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნიათ, კონკრეტული ჰორმონი — ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს IGF-1 ჰორმონის გამოყოფის გააქტიურება, რომელიც ცნობილია ნეიროპლასტიურობის ხელშემწყობად და დადასტურებულია, რომ აქვეითებს შფოთვას თაგვებში.

მკვლევარები ამბობენ, რომ მათ შედეგებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ასევე შფოთვით დაავადებული პაციენტებისთვის.

"ექიმებს ესაჭიროებათ მკურნალობის მეთოდი, რომელიც ინდივიდუალურია, აქვს მცირე გვერდითი მოვლენები და ადვილი დასანიშნია. ჩვენი კვლევა ამ მხრივ მნიშვნელოვანია", — თქვა კვლევის ავტორმა მარია ობერგმა.

"მოდელი, რომელიც მოიცავს 12 კვირიან ფიზიკურ ვარჯიშს, მიუხედავად ინტენსივობისა, წარმოადგენს ეფექტური მკურნალობის მეთოდს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შფოთვითი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.