აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი E60 გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრებთა ხელობა — სურამის ტკბილი ნაზუქებიდან ხაშურის ჭრელ ჰამაკებამდე — გზის განახლების გამო, შესაძლებელია, სრულ დავიწყებას მიეცეს. ცენტრალური მაგისტრალი რადიკალურად იცვლება, რაც გაქრობის საფრთხეს უქმნის საქართველოში მოგზაურობის ამ განსაკუთრებულ დეტალს, ყოფილ გზისპირა დასახლებებს კი დაცარიელებით ემუქრება, — წერს OC Media-ს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თამუნა ჩქარეული.

მაგისტრალის განახლების პროექტის ფარგლებში ახალი შემოვლითი გზები, ესტაკადები და გვირაბები იგება. ერთი მხრივ, ეს საგრძნობლად შეამცირებს მთელი ქვეყნის გადაკვეთისათვის საჭირო დროს; თუმცა, მეორე მხრივ, ქალაქებს, რომლებიც ცენტრალური გზის მიღმა რჩებიან, ეკონომიკური კრიზისი ემუქრებათ.

თუ ამ ყოველივეს COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანსაც დავამატებთ, არსებობს საფრთხე, რომ ქართული გზისპირა ვაჭრობა სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს.

ახალი მაგისტრალი გაივლის მთელ რიგ გვირაბებსა და ესტაკადებს, რაც ძველ გზებს ავტომანქანებისგან თითქმის სრულად დაცლის.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

"ჰამაკების ქუჩა"

ოდესღაც "საქართველოს გულად" წოდებული ქალაქი, ხაშური, საკვანძო შემაერთებელი პუნქტია, რომელიც თბილისს სამხრეთ-დასავლეთით ბორჯომის ნაციონალურ პარკთან, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებს.

ქვეყნის ორი ყველაზე პოპულარული კურორტის დამაკავშირებელმა, ხაშურმა სახელი თავის დროზე ჰამაკებისა და დაწნული სკამების დამზადება-ვაჭრობით გაითქვა. მაგრამ ახლა ქალაქის მთავარი ქუჩა, რომელიც ადრე ჭრელი და მრავალფეროვანი ჰამაკებით იყო სავსე, თანდათან ცარიელდება.

"ჩვენ პენსიონერები ვართ და საკუთარი მანქანაც კი არ გვყავს", — ამბობს 77 წლის მედიკო არჯევანიძე, რომელსაც OC Media ამ წლის დასაწყისში გაესაუბრა. ის წლებია, ჰამაკებს ქმართან ერთად ყიდის, — "ვცდილობთ, დარჩენილი საქონელი გავყიდოთ, მაგრამ ამ კვირაში, მაგალითად, ერთი ნივთიც კი არ გაგვიყიდია".

ყოფილ "ჰამაკების ქალაქში" დღეს თითქმის აღარაფერი იყიდება.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

მედიკო და მისი ქმარი ჰამაკებს თავად არ ამზადებენ, არამედ იბარებენ და შემდეგ ისე ყიდიან, რომ თითოეული ჰამაკიდან მოგების სახით მხოლოდ 2-3 ლარი რჩებათ. "ადრე ეს ჰამაკების ქუჩა იყო", — ამბობს ის, — "ახლა კი ცხოვრება აუტანლად რთული გახდა".

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ახალ გზატკეცილზე ხაშურის ჰამაკებისთვის ბაზრობა გაიხსნება, თუმცა როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

ნაზუქები

ხაშურს როგორც კი გაცდები, გზად სურამი შემოგხვდება. ქალაქის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში — ზუსტად იქ, სადაც მთავარი მაგისტრალი გადის, პატარა ქოხებია მოწყობილი; მათ წინ მდგარი ქალები კი გამვლელი მანქანების მისამართით სურნელოვან ნაზუქებს იქნევენ.

სურამისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო არა მხოლოდ ნაზუქებით ვაჭრობა, არამედ ტურისტთათვის საცხოვრებლის მიქირავებაცაა. ამ მხრივ გასული წელი განსაკუთრებით წამგებიანი აღმოჩნდა.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

ნაზუქი სურამის სიმბოლო გახდა და იმდენად შეერწყა ქალაქის სახელს, რომ ზოგი ტურისტი მხოლოდ იმიტომ ჩადის დედაქალაქიდან ამ პატარა, 7 500 მოსახლის მქონე დასახლებაში, რომ აქაურ ნუგბარს გაუსინჯოს გემო.

თუკი აქამდე მაგისტრალი სურამის ცენტრზე გადიოდა, ახლა მოძრაობა ჩრდილოეთ ნაწილშია, რის გამოც ქალაქის საცხობების ამ მხარეში გადატანა გახდა საჭირო.

თეას საცხობსაც იგივე ბედი ხვდა წილად. თავდაპირველად ის ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული, თუმცა ახალი გზის გაყვანის შემდეგ მას სამუშაო სივრცის თვეში 200 ლარად ქირაობა მოუწია. თეა და დედამისი კვირაში ხუთი დღე, 05:00 საათიდან დაღამებამდე მუშაობენ, შაბათ-კვირას კი საცხობს მათი რძალი იბარებს.

თეას ძაღლს, ბათურას, საკუთარი თბილი ადგილი აქვს ღუმელთან ახლოს.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

თეა მიიჩნევს, რომ გაუმართლა, საცხობის ადგილის შეცვლა რომ შეძლო. "იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ცხობა შევწყვიტოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ზოგი საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩა", — ამბობს იგი.

"ვირუსის მეშინია, მაგრამ გადავწყვიტე, გამერისკა და მუშაობა გამეგრძელებინა. ეს სახლში ჯდომას ნამდვილად სჯობს", — ამბობს თეა, გამყიდველი სურამიდან.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

თუმცა, როგორც თითქმის ყველა დანარჩენს, თეასაც მოუწია პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება. მოგზაურების რიცხვის შემცირებამ, მისივე თქმით, შემოსავალი გაანახევრა.

ნინო ლომიძე 15 წელიწადზე მეტია, ნაზუქებს ყიდის.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

ნაზუქის გარდა სურამში გირჩის მურაბის შეძენაც შეგიძლიათ.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

მიუხედავად მყიდველთა კლებისა, სურამი მაინც აგრძელებს ჩვენთვის ნაზუქების ცხელ-ცხელი პარტიების შემოთავაზებას.

64 წლის ნაზი ლაფაჩი დევნილია ცხინვალიდან; სახელმწიფოსაგან თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოლოდინში მან გადაწყვიტა, ცხობისათვის მიეყო ხელი. სამი შვილის დედისა და შვიდი ბავშვის ბებიის შემოსავლის ერთადერთ წყაროს სწორედ ეს საქმიანობა წარმოადგენს.

"შემოსავალი დღეში დაახლოებით 50 ლარია, თუმცა ამაში შედის ინგრედიენტების, შეშისა და ქირის თანხაც. ასე რომ, საბოლოოდ 30 ლარი მრჩება. კარგია, რომ ბევრი ისეთი კლიენტი მყავს, რომლებიც უკვე მიცნობენ, ამით ვახერხებ თავის გატანას".

"დასაქმებული ადამიანები ქვეყანასაც სჭირდება. აქ ტელევიზორს მთელი დღეები ვუყურებ, ამიტომ ვხედავ და ძალიან განვიცდი ყველა მომუშავე ადამიანის მდგომარეობას", — ამბობს ნაზი.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

თიხის ნაკეთობები რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილის გავლით გზას თუ დასავლეთით გააგრძელებ, სოფელ შროშაში ამოყოფ თავს — ეს თიხის ნაკეთობების ისტორიული ცენტრი გახლავთ. მაგრამ მოსახლეობა შიშობს, რომ ამჟამად მათი სოფლის დღეები დათვლილია. ახალი გზატკეცილი ამ ადგილზე აღარ გაივლის და შროშას იმავე საფრთხის წინაშე დააყენებს, რომელიც სურამსა და ხაშურს ემუქრებათ. თანაც, პანდემიამ ამ გამოწვევასთან ბრძოლა კიდევ უფრო გაართულა.

შროშა თავისი თიხის ნაკეთობებითაა ცნობილი.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

"თუ ადრე დღეში 100 ლარის ღირებულების საქონელს ვყიდდით, დღეს ეს თანხა დაახლოებით 20 ლარს შეადგენს", — ამბობს ნატალია გელაშვილი, რომელიც თიხის ნაკეთობებს თავის ქმართან, დავით ტყემალაძესთან ერთად ამზადებს.

ტურისტები, რომლებიც სუვენირების ძიებაში ერთ ჯერზე 300 ლარს ხარჯავდნენ, მათი შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდნენ. თუმცა ვინაიდან ახლა კლიენტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, ისინი იმედოვნებენ, რომ იმდენის გაყიდვას მაინც შეძლებენ, რამდენიც მათი ქირისა და წარმოების ხარჯებს დაფარავს.

ნატალია გელაშვილი და დავით ტყემალაძე თავიანთი ბიზნესის მშობლიური სოფლიდან სხვაგან გადატანას გეგმავენ.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

ბოლო სამი წელია, ცოლ-ქმარი, ძირითადად, დახლს უკან მდებარე პატარა ოთახში ცხოვრობს.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

თიხის ნაკეთობების ფასები 5-დან 50 ლარის ფარგლებში მერყეობს, მის დამზადებაში კი ოჯახის ყველა ასაკის წევრი იღებს მონაწილეობას.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, შროშაში 800-ზე მეტი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი სულ რაღაც 150 ოჯახიღა თუ იქნება დარჩენილი", — იხსენებს დავითი. ის ჰყვება, რომ უმრავლესობა ან საქართველოს სხვა რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად, ან საერთოდ დატოვა ქვეყანა.

თითქმის ყველა, ვინც სოფლად დარჩა, დღეს თიხაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ბაზრობების მოწყობა დააანონსა, ნატალია და დავითი სკეპტიკურად უყურებენ ამ პროექტს.

"ფურგონის ყიდვას და ყველაფრის სხვა ტურისტულ ზონებში გადატანას ვფიქრობ", — აღნიშნა დავითმა, რაზეც ნატალიამ იქვე დაურთო, "მაგრამ თუ ყველას კოვიდი მოგვკლავს, აზრი რაღას ექნება".

ზესტაფონის ყავახანები გამვლელების საყვარელი ადგილი იყო, თუმცა გადარჩებიან თუ არა ისინი გზატკეცილის გადატანის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: Tamuna Chkareuli / OC Media

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.