არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიციამ 10 ნოემბერს ოპოზიციის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებები დაარღვია. მათი თქმით, პრობლემურია პოლიციის ავტომობილებში დაკავებულების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები. ისინი კრიტიკულად აფასებენ იმ ფაქტს, რომ დაკავებულებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია.

"როგორც მოვლენების თვითმხილველების განმარტებებიდან და მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრისგან მოშორებით, რა დროსაც არ იკვეთებოდა კონკრეტული პირების მიერ კანონდარღვევის რაიმე ნიშნები. აგრეთვე, დაკავების პროცესში პოლიცია არ იძლეოდა განმარტებებს გამოყენებული საპოლიციო ძალის საფუძვლების თაობაზე", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასობრივი დაკავებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების მართვის პროცესში მნიშვნელოვანია საპოლიციო ძალის პროპორციული და თანაზომიერი გამოყენება.

"ისეთ შემთხვევაშიც კი, თუკი აქციის ცალკეული მონაწილეები გაცდებიან მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, პოლიციამ ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ იძულების ღონისძიებები მიემართებოდეს კონკრეტულ სამართალდამრღვევებს და გამოყენებულმა ძალამ მთლიანად შეკრების ჩატარების შესაძლებლობაზე არ იქონიოს არსებითი გავლენა. ამავდროულად, ამ პროცესში ცალსახად პრეზუმცია უნდა მოქმედებდეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების სასარგებლოდ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ შსს ბოროტად იყენებს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, 24-საათიანი დაკავების ვადა ერთჯერადად გახანგრძლივდეს 24 საათით. მათი თქმით, შსს-ს დამატებითი 24 საათის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუკი წერილობით დაასაბუთებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით თითოეული მათგანის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საჭიროებას.

NGO-ები მოუწოდებენ შსს-ს:

  • უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, ხოლო პოლიციამ უარი თქვას იძულების ღონისძიებების არაპროპოპორციულ გამოყენებაზე;
  • უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულთა გონივრულ ვადაში შესახლება დროებითი მოთავსების იზოლატორში;
  • უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულების ადვოკატების და ოჯახის წევრების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ;
  • დაკავებულებს მიეცეთ ადვოკატზე დროულად წვდომისა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობა;
  • არ გამოიყენოს პატიმრობის გახანგრძლივებული, 48 საათიანი ვადა შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე.

განცხადებას ხელს აწერს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • უფლებები საქართველო (RG);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სუს-ის შენობასთან აქციები გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, აქციებზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.