ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელება არ ემსახურება იმ მიზანს, რაც სახელმწიფომ გააჟღერა. მეტიც, IDFI-ის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეალური მიზანი იყო პატიმრის მიმართ ძალის გამოყენების დემონსტრირება და ამ გზით საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატივისა და ღირსების შელახვა.

"სამსახურის განმარტებით, მათი მიზანი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მიუხედავად ამისა, 2 წუთიანი და 50 წამიანი ვიდეოდან 2:30 წამი ეთმობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ კადრების გავრცელებიდან მალევე, სახელმწიფო ინსპექტორმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კადრების გავრცელებისგან შეკავებისკენ მოუწოდა თუმცა უშედეგოდ. მალევე, პენიტენციურმა სამსახურმა ახალი, ამჯერად ხმოვანი ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი #18 დაწესებულებაში შესვლაზე უარს ამბობს და ითხოვს რუსთავის #12 დაწესებულებაში დაბრუნებას", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რო გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები არის მონტაჟი და არ იძლევა სრულ სურათს. მათივე თქმით, გასათვალისწინებელია გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხელი სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცდილობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერების მოპოვებას, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ინსპექტორის სამსახურისთვის ამ ჩანაწერების არსებობის შესახებაც კი არ მიუწოდებია ინფორმაცია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ღირსების შემლახველი ქმედებების განხორციელება.

დღეს, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. აღსანიშნია რომ მანამდე, პირველი ვიდეოს გავრელების შემდეგ უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.

პენიტენციური სამსახურის ვიდეოები დამონტაჟებულია. თითოეული მათგანის გამოქვეყნებას უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, დღეს გავრცელებულ "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".

ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე კი იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.