ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის გავრცლებული კადრებით საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ბადრაგს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მისი აზრით, ამით დასტურდება, რომ შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია.

"მისი შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია, ეს დადასტურდა. მეორე ის, რომ ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად აყენებს შეურაცხყოფას. ამით ორი რამ დაინახა საზოგადოებამ, ერთი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გინდა იყო უზრუნველყოფილი, უნდა დაემორჩილო ბადრაგას და სამედიცინო დაწესებულებაში შეხვიდე. თუ იქ რაიმე სერვისი არ იქნება ისეთი, რომელიც გინდა რომ მიიღო, ამ შემთხვევაში შეგიძლია მოითხოვო. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან", — განაცხადა მან.

ამავდროულად მაჭარაშვილი ამბობს, რომ რადგან მან უარი თქვა შესვლაზე "სამწუხაროდ, ბადრაგს მოუწია, ის გადაეყვანა იძულებით" და ეს მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის გამო გააკეთა.

პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის აცხადებდა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია. მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია კი ამბობდა, რომ პატიმრები, ე.წ. შუმოკით ფანჯრებთან სპეციალურად დაახვედრეს და სააკაშვილი აგინებინეს.

ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.