პენიტენციურმა სამსახურმა ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.

პენიტენციური სამსახური ამ ვიდეოს გამოქვეყნებასაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".

ვიდეო, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და პროცესს სრულად არ ასახავს, დაჭრილია და ჩანს ის ეპიზოდები, სადაც ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, გლდანის #18 დაწესებულების თანამშრომლებს ეუბნება, რომ დიქტატორის მსახურები არიან და პუტინის ბრძანებას ასრულებენ. ის უარს აცხადებს მანქანიდან გადმოსვლაზე.

"არ გადმოვალ ჩემი ნებით. ადვოკატები და ოჯახი მოვა აქ. თქვენ ხართ დიქტატორის მსახურები ჩვეულებრივი [...] არაფერს არ წამოვწვები [...] მე არ გესალმებით თქვენ [...] შენა ხარ პუტინის მონა. რას ნიშნავს დავმშვიდდე?! პუტინის ბრძანებას ასრულებთ, არ დავმშვიდდები, ლეკვო ივანიშვილის. რა უნდა დავმშვიდდე?! წამიყვანეთ ახლავე უკან რუსთავის ციხეში. მომისმინე კარგად — არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით, არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, არცერთ სამედიცინო პროცედურას თქვენ ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით. არ დავმშვიდდები, თქვენ ახლა ასრულებთ პუტინის ბრძანებას, თქვენ ხართ ნაძირლები, თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არა ხართ ადამიანები. [...] შენ ხარ მკვლელი, შენს შვილთაშვილებს გაჰყვება ეს, რომ ხარ მკვლელი, თქვენ ყველანი ხართ მკვლელები. [...] მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან. არ მაინტერესებს თქვენი ლაპარაკი, მე გითხარით ჩემი პოზიცია", — ამბობს სააკაშვილი.

კადრებში ისმის ისიც, რომ, სავარაუდოდ, დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი სააკაშვილს უყვირის: "არავინ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ გარდაიცვალოთ, არავინ არ მოგცემთ ამის უფლებას!", რაზეც სააკაშვილი ბრაზდება და მას პუტინის ნაძირალა ჯალათს უწოდებს, თამაშრომელი კი ექსპრეზიდენტს ეუბნება, რომ "დამშვიდდეს".

ამის შემდეგ ვიდეო კვლავ გაჭრილია, შემდეგ კი სააკაშვილი კონკრეტული თანამშრომლის სახელსა და გვარს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ გლდანში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში". მისივე განცხადებით, მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის აცხადებდა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია. მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია კი ამბობდა, რომ პატიმრები, ე.წ. შუმოკით ფანჯრებთან სპეციალურად დაახვედრეს და სააკაშვილი აგინებინეს.

ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ეს ნებაყოფლობითი იყო და უწყებამ ამის "დასადასტურებლად" კადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი ნივთებს ალაგებს. თუმცა ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის გლდანში მოტყუებით გადაიყვანეს.