მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ამის შესახებ მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"მიხეილ სააკაშვილი არის კმაყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით და გამოცემული დროებითი ღონისძიებით. რაც შეეხება, მოწოდებას მასთან დაკავშირებით, რეალურად ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნეს დაცული. ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, გავრცელებული კადრების მიზანი არის ის, რომ ექსპრეზიდენტმა არა თუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის არჩეული ფორმა.

"დღეს ვნახეთ, რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე. რეალურად, ცხადია, რომ ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა ამ კადრების გავრცელებით.

ბუნებრივია, რომ ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლების არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს სააკაშვილმა პროტესტის ისედაც მძიმე ფორმა, რაც მას აქვს არჩეული და მისი დაკავების დღიდან შიმშილობს", — აღნიშნა საძაგლიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.