გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის ციხეში იძულებით შეყვანის კადრების გავრცელება გაუგებარია. მისი აზრით, ამის მიზანია სააკაშვილის მხარდამჭერების გაბრაზება.

მისივე განაცხადებით, კადრებით გამოჩნდა ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ სააკაშვილი საკუთარი ნებით გადავიდა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში.

"გამოჩნდა როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. საგიჟეთია. რატომ აკეთებენ ამას, ერთადერთი ახსნა მაქვს — ამ ადამიანს ჰყავს უამრავი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრებით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში ან მართლა ვიღაცის დავალებას არ ასრულებ, ეგ კადრები რატომ უნდა დადო, არ მესმის", — განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულასთან.

პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყავნეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როცა გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის აცხადებდა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია. მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია კი ამბობდა, რომ პატიმრები, ე.წ. შუმოკით ფანჯრებთან სპეციალურად დაახვედრეს და სააკაშვილი აგინებინეს.

ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.