ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოუწოდებს ყველას, რომ პატივი სცენ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ მისი აღსრულებისთვის, რაც შეიძლება სწრაფად.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"მივესალმები სტრასბურგის ამ შუალედურ ღონისძიებას, რომელიც იმედისმომცემი პირველი ნაბიჯია ამ საკითხზე. აქ ორი მოთხოვნაა გაერთიანებული, ერთია შიმშილობის შეწყვეტის მოწოდება, მეორე კი ხელისუფლებისადმი მოწოდებაა, რომელიც სავალდებულოა, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უსაფრთხოების დაცვას ეხება. მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და განახორციელონ ის, რაც შეიძლება სწრაფად", — თქვა ელჩმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.