10 ნოემბერს ნიუ-იორკში ამერიკული მოდის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება გაიმართა, სადაც ერთ-ერთ გამარჯვებულად ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია დასახელდა.

CFDA Awards, იგივე ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო, "მოდის ოსკარებადაა" ცნობილი და სწორედ ამ გავლენიან დაჯილდოებაზე გაიმარჯვა დემნა გვასალიამ: ქალის სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში ბალენსიაგასთან თანამშრომლობის გამო გადაეცა ჯილდო.

მასთან ერთად ამ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ Prada-ს მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი, Jacquemus-ს სიმონ ჟაკმუსი, Bottega Veneta-ს დენიელ ლი და Valentino-ს პიერპაოლო პიჩოლი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დემნა გვასალიამ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო მიიღო: პირველად 2017 წელს დააჯილდოვეს, როცა იგი Balenciaga-სთან ერთად Vetements-საც ხელმძღვანელობდა.

დემნა გვასალია და ელიზა დაგლასი CFDA Awards 2021-ზე.

ფოტო: Getty Images

ოქტომბრის ბოლოს დემნა გვასალია ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზეც წარადგინეს წლის საუკეთესო დიზაინერის ნომინაციაში.

მასთან ერთად ამ ნომინაციაში წარდგენილნი არიან დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, ჯონათან ანდერსონი JW Anderson & LOEWE-სთვის, კიმ ჯონსი Dior Men & Fendi-სთვის და მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი Prada-სთვის.

გამარჯვებული 29 ნოემბერს ლონდონში დასახელდება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი დიზაინერი ამჯერადაც მოიპოვებს დამსახურებულ გამარჯვებას.