სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ოფიციალური პირები ძირითადად დუმდნენ, ზოგიერთმა დაღუპულ ჯარისკაცებს ერევნისა და სტეფანაკერტის სამხედრო სასაფლაოებზე პატივი მიაგო.

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულებს გლოვობდნენ აზერბაიჯანში, იქ ეს დღე ძირითადად ტრიუმფალური ტონით აღინიშნა. აზერბაიჯანმა აღნიშვნა 7 ნოემბერს დაიწყო, როცა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პირველი ლედი და ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა ქალაქ შუშას ესტუმრნენ, რომ მეორე მთიანი ყარაბაღის ომში მისი აღება ეზეიმათ.

ოფიციალურმა პირებმა, ასევე, მიიღეს მონაწილეობა ახალი აჰმადბეილი-ფუზული-შუშას გზის გახსნაში.

შუშაში სიტყვით გამოსვლისას, ალიევმა აზერბაიჯანის სამხედრო გამარჯვება შეაქო: "ჩვენ ჩვენი ღირსება აღვიდგინეთ. ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ, როგორც გამარჯვებული ქვეყანა და გამარჯვებული ერი", — თქვა მან.

"თუ სომხეთში რომელიმე ძალა ჩვენ ეჭვით შემოგვხედავს ან რევანშისტულ ტენდენციებში ჩაერთვება, ის ჩვენს მუშტს დაინახავს", — დასძინა პრეზიდენტმა.

პარალელურად, ბაქოში ათასობით ჯარისკაცის მსვლელობა გაიმართა ქალაქის ცენტრიდან სამხედრო გამარჯვების პარკამდე.

სომხეთში კი, პარლამენტის ოპოზიციურმა ძალებმა, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით, ერევნის თავისუფლების მოედანზე მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს და პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაცია ომში წაგების გამო გააკრიტიკეს.

შეკრებილ დემონსტრანტებთან სიტყვით გამოსვლისას, კოჩარიანმა ხელისუფლება "ომის პროვოცირებაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ომი გარდაუვალი ყოფილიყო და ჩავარდა მოლაპარაკებების პროცესში".

"ამ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ომში დამარცხებულიყო", — თქვა მან.

სასიკვდილო სროლა

წლისთავამდე ერთი დღით ადრე, ერთი სომეხი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, როცა აზერბაიჯანის სამხედროებმა შუშასთან ახლოს წყლის მილების მუშებს ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს მახლობლად იყვნენ რუსი სამშვიდობოები.

სომხეთის ოფიციალური პირების თანახმად, ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი იმ მილების შეკეთებაზე მუშაობდნენ, რომელიც იმ არეალში მოთავსებულ რუს სამშვიდობოებს წყალს აწვდიდა.

პარალელურად კი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები "არ იყვნენ ინფორმირებული და ჩართულნი პროცესში" და იმ ოთხი ადამიანის ქმედებები "პროვოკაცია" იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხი სომეხი მუშის მისამართით სროლა დაადასტურა და აღნიშნა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა რუსი სამშვიდობო კონტიგენტის პასუხიმგებლობის ზონაში".

"რუსი სამშვიდობოების კონტიგენტის სარდლობა, აზერბაიჯანის და სომხეთის მხარეებთან ერთად, ინციდენტს იძიებს", — ნათქვამია განცხადებაში.

სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმება არ არის

რამდენიმე კვირის განმავლობაში, ახალი ამბების ორგანიზაციები სომხეთსა და რუსეთში, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ფაშინიანი-ალიევი-პუტინის სამიტი წლისთავისთვის იყო დაგეგმილი. მას შემდეგ კრემლის სპიკერმა დაადასტურა, რომ სამ ლიდერს შორის ვიდეო კონფერენცია მზადდებოდა, თუცა მათი თქმით, "ამ მომენტში" არ იყო "კონკრეტული ურთიერთგაგება".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.