სახალხო დამცველის განცხადებით, დღეს გამართულ აქციებზე დაკავებულებიდან ერთ მათგანს გარკვეული დაზიანებები ჰქონდა, რის შესახებაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ინფორმირებულია.

"დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს გამართულ აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20 მათგანის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.