დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს გმობს. DRI მიიჩნევს, რომ რეპრესიული უკანონო დაკავებები სახელმწიფოს კონსტიტუციურ წეს-წყობილებას საფუძველს აცლის.

DRI-ის განცხადებით, სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეების დაკავება განმარტებების გარეშე ხდებოდა. ასევე, სამართალდამცავები აკავებდნენ ადამიანებს, რომლებიც არც საგზაო მოძრაობის შეფერხების და არც ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირების საფრთხეს არ ქმნიდნენ.

"საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, კონსტიტუციით აღიარებული შეკრების უფლების განხორციელებისას, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეკრება წინასწარი ნებართვის გარეშე არის შესაძლებელი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით, დამკავებელი სამართალდამცავი ვალდებულია, დაკავებულს დაკავებისთანავე მისთვის გასაგები ფორმით განუმარტოს: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი, უფლება ადვოკატზე, მისი სურვილის შემთხვევაში მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს", — განმარტავენ DRI-ში.

მათი თქმით, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავებისას, საგანგაშოა არა მხოლოდ სამართალდამცავების მიერ კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არამედ მათი მხრიდან გამოყენებული დაუსაბუთებელი, უკანონო და არაპროპორციული ძალადობა.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში, შეწყვიტონ პოლიციის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს 3 სხვადასხვა ადგილას აქცია გაიმართა. აქტივისტები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ — ჯერ კიდევ აქციების დაწყებამდე პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამართულ აქციებზე ჯამში 46 პირია დაკავებული.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გადაინაცვლეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს, სურვილის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე უარი უთხრა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა".

სააკაშვილის საქმის სხდომაზე დღეს პროკურატურამ შუამდგომლობა დააყენა, რომ პენიტენციური დაწესებულების გადაწყვეტილების გამო, სხდომა ციხეში ჩატარდეს ან სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ. დღეს სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის გაჯიუტება იმაზე, რომ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდეს. მომდევნო სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა.

სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები აცილებაც მოითხოვა. მისი თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სააკაშვილის სხდომაზე ყოფნა საჭირო იყო, თუმცა მოსამართლეებმა ეს არ გააკეთეს და "წინასწარ დაგეგმილ სცენარს" მიჰყვებოდნენ.