NASA-ს სურდა, რომ ადამიანები მთვარეზე 2024 წელს გამგაზვრებულიყვნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, გეგმები შეიცვალა და არტემისის მისია 2025 წელს განხორციელდება. NASA ამ ყველაფერს კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ სასამართლოებს, შეცვლილ გეგმებსა და კორონავირუსის პანდემიას მიაწერს.

NASA-ს პროგრამას Artemis ჰქვია. მისიის ფარგლებშ ადამიანი 1972 წლის შემდეგ კიდევ გაფრინდება მთვარეზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ მისიის ფარგლებში მთვარეზე პირველად დადგამს ფეხს ქალი და ფერადკანიანი ადამიანი. ისინი შეისწავლიან რამდენად ვარგისია მთვარე ადამიანის დასასახლებლად ან მის ზედაპირზე გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად.

Artemis-ის პროგრამა რამდენიმე რთულ მოწყობილობას გააერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ახალი Space Launch System, ან უბრალოდ SLS, იქნება.ეს ახალი მასიური რაკეტაა, რომეზეც ნასა ბოლო ათწლეულია მუშაობს.

მისი მიზანი ადამიანების ღია კოსმოში გაშვება და მთვარემდე მიყვანა იქნება. ეკიპაჟი ახალ კაფსულა Orion-ში ისხდება. აპრილში NASA-მ $2.9 მილიარდიანი კონტრაქტი დადო ილონ მასკის SpaceX-თან. ეს უკანასკნელი კაფსულიდან ადამიანებს მთვარეზე გადაიყვანს.

ასევე იხილეთ: აპოლო VS არტემისი — ხომალდების შედარება

Artemis-ის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი დონალდ ტრამპი იყო. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ დაევალა NASA-ს ადამიანების მთვარეზე დაბრუნება. 2019 წელს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა NASA-ს დაჩქარებისკენ და პროგრამის 2024 წელს დასრულებისკენ მოუწოდა, რის გამოც ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ასეთი დონის პროგრამის განხორციელებას სიჩქარე ნამდვილად არ სჭირდება.

NASA-ს არტემისის პროგრამის გარშემო ბევრი პრობლემა შეექმნა. უნდა ვთქვათ, რომ კოსმოსური სააგენტო კონგრესისგან მეტ დაფინანსებას ელოდა და გათვლილი ჰქონდა, რომ მთვარეზე გადასასმელი ხომალდის შექმნისთვის კონტრაქტს ორ კომპანიასთან დადებდა, რაც კონკურენციას გაზრდიდა და ხარისხზე აისახებოდა. თუმცა, კონგრესის მიერ დაფინანსების შემცირების შემდეგ ნასას კონტრაქტის დადება მხოლოდ SpaceX-თან მოუწია.

ამ ყველაფრის შემდეგ, NASA-ს საბოლოოდ მოუწია თარიღების ჩასწორება. მათი წარმომადგენლების თქმით, 2024 წელს პროექტის დარულება არარეალურია.

NASA ფიქრობს, რომ მათ დამატებითი ფინანსებიც დასჭირდებათ, რადგან Orion-ის კაფსულის შექმნის პროცესი უფრო ხარჯიანი აღმოჩნდა. ხომალდის შესაქმნელად განკუთვნილი თავდაპირველი ხარჯები 6.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ნასას თქმით, მათ ახლა $9.3 მილიარდი სჭირდებათ. როგორც ირკვევა, ნასას SLS-ის შექმნაც უფრო ძვირი დაუჯდება და ახალი მონაცემებით რაკეტის აგებას 9.1 მილიარდი დოლარის მაგივრად 11 მილიარდი დასჭირდება.