ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველი ობიექტური არ არის, ამიტომ თუ მას კითხვები გაუჩნება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ასე ეხმაურება ის ომბუდსმენის შეფასებებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

"სახალხო დამცველს თუ კითხვები გაუჩნდა, ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო დამცველი არ არის ობიექტური, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ", — თქვა მან.

მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, სააკაშვილის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, გასაგებია, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტის უფლებებს ისედაც იცავენ.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხეში ყოფნის დროს და გლდანის მე-18 სამედიცინო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგაც საუბრობს.

სააკაშვილის დაკავების დღესვე ლომჯარიამ თქვა, რომ ექსპრეზიდენტს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, შესაბამისად, ის ამ შეთავაზებას დათანხმდა. მოგვიანებით, ომბუდსმენმა განმარტა, რომ მისმა წარმომადგენლებმა რუსთავის მე-12 ციხეში ვერ მოიძიეს დოკუმენტი სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანაზე ინფორმირებისა და თანხმობის შესახებ.

9 ნოემბერს ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამავე დღეს მან პატიმრების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გინებასა და მუქარაზე საუბრისას თქვა, რომ არ არის გამორიცხული ეს პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული ყოფილიყო. ამასთან, აღნიშნა, რომ ციხეში თავად სრულიად შეფუთული შევიდა და მის სახელსაც კი სკანდირებდნენ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი შეურაცხმყოფელ და ღირსებისშემლახველ პირობებში ყოფნა დღემდე გრძელდება.