ამერიკელ ბავშვებს, როგორც ჩანს, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ საკვების წარმომავლობის შესახებ, რომელთაც ყოველდღიურად ჭამენ. მათი წარმოდგენები განსაკუთრებით უცნაურია მაშინ, როცა საქმე ხორცს ეხება.

Sapien Journal-ის ბოლო კვლევების შოკისმომგვრელმა შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ იმის დადგენა, თუ საიდან მოდის გარკვეული სახის ხორცპროდუქტები. გამოკითხული ბავშვების 40%-ს სჯერა, რომ ჰოთ-დოგი მცენარეული წარმოშობისაა, ხოლო 46%-ზე მეტი ფიქრობს, რომ კარტოფილი ფრი ცხოველის სახეობაა. ამასთანავე, ბავშვების 41% ბეკონს ცხოველის ხორცთან ვერ აკავშირებს.

ფოტო: Getty Images

ამ მოვლენის საფუძველი შეიძლება ის იყოს, რასაც "ხორცის პარადოქსს" უწოდებენ. ეს იმას გულისხმობს, რომ ბავშვებმა იციან ხორცპროდუქტების წარმოება ცხოველის ტანჯვას რომ უკავშირდება და თან ცხოველებისადმი ემპათიურ დამოკიდებულებას ავლენენ.

ამის მიზეზი ისიც შეძლება იყოს, რომ მშობლები თავს იკავებენ იმის ახსნისგან, თუ საიდან მოდის ხორცის პროდუქტები. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია, რადგან ხორცის ჭამასთან დაკავშირებით ბავშვების მიდრეკილებამ კლიმატის ცვლილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს.

მკვლევრებმა 4-დან 7 წლამდე ასაკის 176 ბავშვი გამოიკითხეს, რომლებიც აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის მეტროპოლიტენში ცხოვრობენ. შეზღუდული რაოდენობა და კონკრეტული გეოგრაფიული არეალი დამაიმედებლად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან შედეგებს სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, კულტურასა თუ აშშ-ის რეგიონებზე ვერ განვაზოგადებთ.

ფოტო: Tagitary

ამ ფაქტორების მიუხედავად, მკვლევრები მაინც საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ გამოკითხულ ბავშვებს ხორცის წარმომავლობის დადგენა ძალიან უჭირთ. "36%-დან 41%-მდე გამოკითხული ბავშვი თვლის, რომ ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი და ბეკონი მცენარეულია. ქათმის ნაგეტსი კი, რომლის სახელშიც ფრინველი ფიგურირებს, მესამედზე მეტმა მცენარეული საკვების კატეგორიას მიაწერა", — წერს ერთ-ერთი მკვლევარი.

ჩატარებული კვლების შედეგები ჩვენი პლანეტის მომავლისთვის საკმაოდ მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ბავშვებს ხორცპროდუქტების წარმომავლობის შესახებ სწორი ინფორმაცია არ ექნებათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალი თაობის გემოვნება და პრეფერენციები შეიცვალოს.

მაგრამ მკვლევრების მიხედვით, გარკვეული იმედები მაინც არსებობს. "მორალური ავტორიტეტის მეშვეობით, ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტებმა მედიის ყურადღება და მოზარდების მხარდაჭერა უკვე მოიპოვეს", — კვლევაში გრეტა თუნბერგზე მითითებას ვკითხულობთ.

ფოტო: Nicholas Kamm

"იმის მიუხედავად, რომ ეს ახალგაზრდები ლიდერის პოზიციებს ჯერ არ იკავებენ, ისინი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას უჭერენ მხარს. ასე რომ, ბავშვობის პერიოდი უნიკალურ შანსად შეიძლება ჩავთვალოთ, რომელშიც ჩამოყალიბებული ქცევები სამომავლოდ კლიმატის ცვლილებებს შეარბილებს", — ასკვნიან მეცნიერები.