DoorDash ამერიკული მიტანის სერვისია. ის კალიფორნიაში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს სერვისად იქცა. DoorDash-ს ამერიკის ბაზრის 56% უჭირავს.

გუშინ კომპნიამ საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას და ფინური მიტანის სერვისი Wolt $7 მილიარდად შეიძინა. ეს ევროპის მიტანის სერვისების ბაზარზე ყველაზე მსხვილი შესყიდვა იყო.

Wolt ჰელსინკში დაარსებული კომპანიაა, რომელსაც ამჟამად 4 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ევროპის 23 ქვეყანაში ოპერირებს.

"ეს შესყიდვა ჩვენ მოგვცემს საშუალებას დავაჩქაროთ ჩვენი გაფართოების პროცესი და ავითვითოს ახალი ბაზარი, რაც DoorDash-ისთვის პირველი შემთხვევა იქნება. ჩვენ გვსურდა, რომ ეს გლობალური ბიზნესი ყოფილიყო და ახლა ამის შანსი გვაქვს", — განაცხადა ტონი ჰუმ, DoorDash-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ტონი ჰუს თქმით, სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანია ახლა უკვე დამატებით 22 ქვეყანაში შეძლებს ოპერირებას, რაც ახალ 700 მილიონ მომხმარებელს ნიშნავს. ამ ამბის გაჟღერებიდან რამდენიმე საათში DoorDash-ის აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა.

კომპანიას სხვა გეგმებიც აქვს, სულ მალე ისინი $400 მილიონიან ინვესტიციას ჩადებენ სასურსათო აპლიკაცია Flink-ში. დაფინანსების შემდგომი ეტაპი 600 მილიონიან ინვესტიციას მოიცავს, რაც ბერლინში დაარსებული კომპანიისთვის ძალიან დიდი რესურსი იქნება.

"სიმართლე რომ ვთქვათ, ერთი თვის წინ რომ გეკითხათ გეტყოდით, რომ ჩვენ DoorDash-თან კონკურენციას ვამჯობინებდით. თუმცა, შესაძლებლობები, რომლებიც ამ გაერთიანებით ჩნდება, ჩვენთვის სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა", — ამბობს მიკი კუუსი, Wolt-ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი

მიკი კუუსი DoorDash-ის საერთაშორისო დანაყოფების უფროსი იქნება და ამერიკის გარეთ თითოეულ ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.