ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატიმარი ძალადობისგან დაიცვას და ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები სააკაშვილის გადაუდებელი მენტალური ჯანმრთელობისა და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოექცნენ.

როგორც იცით, ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხიმგებლობა, რომ პატიმრები ძალადობისგან დაიცვას, მათ შორის, მენტალური ძალადობისგან და გაუწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება, ასევე, დაიცვას მათი პირადი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", — განაცხადა მან.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.

ფიზიკურ ძალადობაზე საუბრის გარდა, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.