სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მიქელაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ მოწოდებული ექსპერტების მონაწილეობით სამედიცინო ექპერტიზის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ მან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"მან თანხმობა განაცხადა გამოთხოვილ იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია. მან, ასევე, თანხმობა განაცხადა პირადად წარსდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან, მის მიერ მოწოდებული ექსპერტების მონაწილეობით. იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა", — აცხადებს ის.

რაც შეეხება გამოკითხვას, მისი თქმით, დღეს ეს ვერ ჩატარდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეში არსებული რეგულაციების გამო. როგორც მიქელაძემ განმარტა, გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.

"გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, და როგორც აღმოჩნდა სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება", — აღნიშნა მან.

დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.