სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მიქელაძე ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით შეძახილები ესმოდა. ის დღეს სააკაშვილის გამოსაკითხად გლდანის ციხეში მივიდა.

"ვადასტურებ, რომ მესმოდა გარკვეული შეძახილები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება გამოკითხვას, მისი თქმით, დღეს ეს ვერ ჩატარდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეში არსებული რეგულაციების გამო. როგორც მიქელაძემ განმარტა, გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.

"გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, და როგორც აღმოჩნდა სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება", — აღნიშნა მან.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩაიტაროს სამედიცინო ექსპერტიზა და ასევე, გამოძიების ფარგლებში მასზე პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვას დათანხმდა.

"მან თანხმობა განაცხადა გამოთხოვილ იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია. მან, ასევე, თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან, მის მიერ მოწოდებული ექსპერტების მონაწილეობით. იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა", — აცხადებს ის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.