ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ს საელჩოს საქართველოში და Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

"როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწვავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით: ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ", — წერს ის.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილი უკვე 40 დღეა შიმშილობს. მე-7 დღეა შიმშილობს დროას ლიდერიც, ელენე ხოშტარია. მან შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ არ შეწყვეტს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადიყვანენ.